ყაყაჩო
(Papaver), ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა. 100-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, საქართველოში 13 სახეობა გვხვდება, მ. შ. 1 კავკასიის ენდემია. ყაყაჩოს ზოგიერთი სახეობის თესლი ზეთს შეიცავს, იყენებენ ტექნიკური მიზნებისთვის და კულინარიაში. კულტურაში ცნობილია ხაშხაში (P. somniferum), რომლის თესლს კვების მრეწველობაში და აგრეთვე სამკურნალოდ იყენებენ, კოლოფისგან იღებენ ოპიუმს (შეიცავს ალკალოიდებს მორფიუმსა და კოდეინს). საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან დეკორატიულია P. orientale, P. pseudoorientale და P. oreophilum.
|