
პომპეი
(ლათინურად: Pompeii) – ქალაქი ძველ რომში. განადგურდა ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ. საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. მდებარეობს იტალიაში თანამედროვე ნეაპოლთან ახლოს, ნეაპოლის ყურეში.
ქალაქი აღმოაჩინეს 1748 წელს. მას შემდეგ, როგორც ანტიკური ქალაქის ყველაზე უკეთ შენახული ნანგრევები, ანტიკური სამყაროს შესწავლის უმნიშვნელოვანესი წყაროს წარმოადგენს. ქალაქის სისტმატური შესწავლა მხოლოდ 1860 წლიდან დაიწყო იტალიელი ჯუზეპე ფიორელის ხელმძღვანელობით და ეს კვლევა დღემდე გრძელდება. ფიორელიმ მთელი ტერიტორია კვადრატებად დაანაწილა (ამ მეთოდს დღესაც იყენებენ), თითოეული აღმოჩენილი სახლის კარი დანომრა, ხოლო ფერფლსა და ლავაში გაჩენილი სიცარიელე თხევადი თაბაშირით ამოავსო. ამით შესაძლებელი გახდა კატასტროფის შედეგად დაღუპული და გაქვავებული ადამიანებისა და ცხოველების ანაბეჭდების აღება.
1997 წელს, ქალაქის ნაშთები ჰერკულანუმთან და ტორე-ანუნციატასთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
|