პარასკევი, 2024-12-27, 11:25 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » მაიას ტომი
10:39 PM
მაიას ტომი


აქ არის მაიას ტომზე თითქმის ყველაფერი smile
მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ამ ხალხის წინაპრებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის. ჰონდურასისა და გვატემალას ტერიტორიაზე ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. ცივილიზაცია, რომელიც თამამად დაუდგება გვერდით ძველბერძნულ, ჩინურ, ბაბილონისა თუ რომის ცივილიზაციებს, თუმცა ამ ხალხს თავიანთი ძველი დიდების ნაშთიც კი არასდროს უნახავს…მას მაიას უწოდებენ.

უჩვეულო ცივილიზაცია

წარსულის ყველა დიდი ცივილიზაციის წარმოშობა და განვითარება მდინარეს, წყალს უკავშირდება. ჩინელებმა ერთ დიდ სახელმწიფოდ გაერთიანება ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლელიდან ჩინეთის ორი უდიდესი მდინარის – ხუანხესა და იანძის გასწვრივ დაიწყეს, ინდოელებმა პირველი დასახლებები – ინდსა და განგზე მოაწყვეს, შუამდინარეთში შეჭრილი შუმერები ტიგროსსა და ევფრატს შორის დასახლდნენ, სადაც შემდგომში ასურულ-ბაბილონური კულტურა აყვავდა. ეგვიპტის კულტურა არა მარტო ვითარდებოდა ნილოსის ნაპირებზე, არამედ სულდგმულობდა კიდეც მისით. იგივე იყო ძველი ბერძენთათვის ეგეოსის ზღვა… მეცნიერებაც მიეჩვია, რომ მდინარე ამა თუ იმ ცივილიზაციის აკვნად მიეჩნია.
ამერიკის ცივილიზაციათა აღმოჩენამ ამ თეორიას საფრთხე შეუქმნა.
ამერიკულ ცივილიზაციებს აქამდე დამკვიდრებული ვერც ერთი თეორია ვერ მიუსადაგეს. არც აცტეკების, არც ინკების და არც ყველაზე განვითარებული – მაიას ცივილიზაცია ”მდინარის ცივილიზაცია” არ ყოფილა. ჰონდურასისა და გვატემალას გაუვალ ჯუნგლებში აღმოჩენილი უძველესი კულტურის ნაშთებს არც ერთი მდინარე არ ესაზღვრებოდა.
მაიას ცივილიზაცია არც მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა ცივილიზაცია გახლდათ, არადა, როგორც წესი, მიწათმოქმედება და მესაქონლეობა ცივილიზაციის წარმოშობის მეორე წინამძღვრად ითვლებოდა. ეს ხალხი, რომელიც უზუსტეს ასტრონომიულ დაკვირვებებს აწარმოებდა და ურთულეს მათემატიკურ გამოთვლებს ახდენდა, გუთანსაც კი არ იცნობდა და მიწას მეტად პრიმიტიული ხერხებით ამუშავებდა. ეს გახლდათ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ცივილიზაციათაგანი, რომელიც არ იცნობდა არც შინაურ და არც სასაპალნე საქონელს და რომელსაც არასოდეს ენახა ხორბალი.
თუმცა მაიას ცივილიზაციას მხოლოდ ეს თავისებურება როდი ახასიათებდა…

მაიას განვითარების ეტაპები (ქრონოლოგია)

ცივილიზაციის არსებობას – დაბადებიდან განადგურებამდე პირობითად 4 პერიოდად ყოფენ:

I პერიოდი – პრეკლასიკური პერიოდი
ცივილიზაციის დაბადების ზუსტი თარიღის დადგენა ძნელია, თუმცა სწავლულები ფიქრობენ, რომ მაიას პირველი დასახლებები ჩვ. წ.-მდე XVIII საუკუნეში უკვე არსებობდა. სავარაუდოდ, ჩვ. წ.-მდე 1000 წლიდან იწყებს მაიას ტომის მონუმენტურ არქიტექტურას. მაიას პრეკლასიკური პერიოდის მნიშვნელოვანი ქალაქებია: ნაკბე, სან ბარტოლო, ელ მირადორი, კივალი, ციბილჩალტუნი, კომჩენი…

II პერიოდი – კლასიკური პერიოდი (ჩვენი წელთაღრიცხვით – 250-900 წწ.)
ამ პერიოდში მაიას ტომის ინტელექტუალურმა, არქიტექტურულმა და კულტურულმა განვითარებამ პიკს მიაღწია – შენდებოდა ულამაზესი ტაძრები, რომლებიც რელიგიურ ცენტრებს წარმოადგენდნენ, ასევე უმშვენიერესი სასახლეები, რომლებიც ხელმწიფეებსა და წარჩინებულებს ეკუთვნოდათ. კლასიკურ პერიოდში აშენდა ბრწყინვალე ქალაქები – პალენკე, ტიკალი, კოპანი, კალაკმული, ბონამპაკი… (ცნობილია ულამაზესი ფრესკებით).

მაიას დაცემა (ჰიატუსი) – მე-8, მე-9 საუკუნეებში მაიას წინსვლა დროებით შეფერხდა. მაიას ტომმა, უცნობი მიზეზის გამო, მიატოვა ე.წ. ”ძველი სამეფო” და ახალი ქალაქების მშენებლობა წამოიწყო სრულიად დაუსახლებელ ადგილებში (იხილეთ ”მიტოვებული ქალაქების საიდუმლო”).

III პერიოდი – პოსტკლასიკური პერიოდი (X-XVI საუკუნეები – ”ახალი სამეფო”)
ამ პერიოდის ქალაქებს განეკუთვნება – ჩიჩენ იცა, უშმალი, ეცნა, კობა, მაიაპანი…

IV პერიოდი (კოლონიზაციის პერიოდი) – XVI-XVII საუკუნეებში იუკატანის ნახევარკუნძული ესპანელებმა დაიპყრეს. მაია 1527 წლიდან მოყოლებული ათეული წლების მანძილზე მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ესპანელ დამპყრობლებს, თუმცა 1697 წელს საბოლოოდ დაემორჩილა ახალ ძალას. მიუხედავად ამისა, არაერთხელ აჯანყებულან ისინი მექსიკის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც (1847-54 და 1904 წწ. გამოსვლები).

მიტოვებული ქალაქების საიდუმლო

მეცნიერებს დღემდე ვერ უპოვიათ პასუხი კითხვაზე, საიდან და როდის მოვიდა ეს ხალხი. ერთადერთი, რისი თქმაც ხმამაღლა შეიძლება, ის არის, რომ მაიას ცივილიზაციამ არსებობა სულ მცირე 2000 წლისწინ დაიწყო და ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში არნახულ წარმატებას მიაღწია.
მკვლევარები მაიას ცივილიზაციას ფორმალურად ორ ნაწილად – ძველ და ახალ სამეფოდ ყოფენ. ამგვარი დაყოფა შემთხვევითი არ არის და არც მხოლოდ ქრონოლოგიური საფუძველი აქვს. მაიას ძველი სამეფო ტერიტორიულად არ ემთხვევა ახალს, თუმცა იმას, რომ ორივე ერთი და იმავე ცივილიზაციის პირმშოა, საერთო ენა, რელიგიური რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები, ნაგებობათა სტილი და მრავალი სხვა ფაქტორი ადასტურებს.
თუ ქალაქებს ჩიჩენ-იცას, კოპანს, ტიკალს, იშქურას და პალენკას ხაზით შევაერთებთ, მაიას ცივილიზაციის მიახლოებით საზღვრებს მივიღებთ.
ძველი სამეფოს დაარსების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას ახალი წელთაღრიცხის VII საუკუნემდე უნდა ეარსება.
მაიას ძველი სამეფო სამკუთხედის მოყვანილობის ტერიტორიაზე იყო გაშენებული. მისი უძველესი ქალაქი გახლდათ ვაშაქტუნი, რომელიც დღევანდელი გვატემალას ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარეობს. მაიას ძველი სამეფოს უკანასკნელ პერიოდში წარმოქმნილი ყველა ქალაქი სამკუთხედის სიღრმეში მდებარეობდა. მაია, აბათ ერთადერთი ხალხი იყო ამქვეყნად, რომლის სახელმწიფო ცენტრიდან პერიფერიისაკენ კი არა, პერიფერიიდან ცენტრისკენ იზრდებოდა.
ახალი სამეფოს დასაწყისი ძველის დასასრულს ემთხვევა. როგორც კვლევები ადასტურებს, მაიას ხალხი თავისი ძველი სამფლობელოდან აყრილა და ჩრდილოეთით გადასახლებულა, სადაც ახალი და ძველზე არანაკლებ დიდებული სახელმწიფო შეუქმნია, რომლის დედაქალაქიც ულამაზესი ჩიჩენ-იცა გამხდარა.
წლების მანძილზე პასუხგაუცემელი რჩებოდა კითხვა, რამ აიძულა ეს უდიდესი კულტურის მქონე ხალხი აყრილიყო, მიეტოვებინა უზარმაზარი და უმშვენიერესი შენობა-ნაგებობანი, ქალაქები მთლიანად სახელმწიფო და გაუვალ და უკაცრიელ ჯუნგლებში ახალი სახელმწიფოს მშენებლობა წამოეწყო.
არაერთი ჰიპოტეზა და ვარაუდი გამოითქვა ამ საოცარი გადასახლების მიზეზის ასახსნელად. ერთი მათგანის თანახმად, მაიას ხალხი თავიანთი ქალაქებიდან დამპყრობლებს განუდევნიათ. მაგრამ ვინ იყვნენ და საიდან მოვიდნენ ეს დამპყრობლები? ამ დროს მაიას სამეფო თავისი ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა და მეზობელი ხალხებიდან ძლიერებით მასთან ახლოსაც კი ვერავინ მივიდოდა, თანაც მიტოვებულ ქალაქებში დაპყრობის არავითარი კვალი არ აღმოჩენილა.
გადასახლების მიზეზად ბუნებრივი კატასტროფაც დასახელდა, თუმცა ძველი სამეფოს ნანგრევებზე არც რაიმე კატასტროფის კვალი აღმოუჩენიათ.
იქნებ რაიმე საშინელი ეპიდემია გავრცელდა? მაგრამ არაფერი მოითითებს იმაზე, რომ შორეულ გზას ერთ დროს მრავალრიცხოვანი და ძლევამოსილი ხალხის გაუბედურებული, საცოდავი ნაშთი დაადგა. პირიქით, ხალხი, რომელმაც ჩიჩენ-იცა ააგო, უეჭველია, მეტად ძლიერი და ღონიერი უნდა ყოფილიყო.
არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც სხვებზე ახლოს უნდა იყოს სიმართლესთან და რომელსაც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი მეცნიოერი და მკვლევარი ემხრობა. ამ ჰიპოთეზის დასაბუთება თავად მაიას ხალხის ცხოვრების წესშია…
მაიას ქალაქთა მკვიდრი ხალხი ”გაბატონებული კლასისა” (სამხედრო დიდებულები და ქურუმები) და გლეხებისაგან შედგებოდა. ისინი თავს ”ალმეჰენოობს” – ”დედმამიანებს” უწოდებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ თავიანთი წარმომავლობისა და წინაპართა შესახებ ზუსტი წერილობითი ცნობები ჰქონდათ. დიდებულთა ჩამომავალი იყო მემკვიდრე მთავარიც ჰალიჩ ვინიკი – ”ჭეშმარიტი კაცი”. მთელი ხალხი ”დედმამიანების” საკეთილდღეოდ შრომობდა. მოსავლის მესამედს გლეხი დიდებულებს აძლევდა, მესამედს – ქურუმებს და თვითონ მხოლოდ მესამედი რჩებოდა.
მაიას მთელი ისტორიის მანძილზე მის მიწათმოქმედებას უაღრესად პრიმიტიული ხასიათი ჰქონდა. მაია მიწათმოქმედების ე.წ. საახოე სისტემას მისდევდა: ჯერ ჯუნგლებს გაჩეხდნენ, წაქცეული ხეები რომ გახმებიდა, წვიმების სეზონის დაწყების წინ ცეცხლს წაუკიდებდნენ, ხოლო წვიმების დასასრულს გრძელი, წაწვეტებული მარგილებით ორმოებს ამოთხრიდნენ და შიგ სიმინდის მარცვლებს ჩაყრიდნენ. მოსავლის აღების შემდეგ სხვა ნაკვეთზე გადადიოდნენ – რაკი სასუქს არ იყენებდნენ მიწა დიდი ხნით უნდა ”დაესვენებინათ”.
თესვისა და ჭირნახულის აღებისგან თავისუფალ დროს გლეხებს მონებთან ერთად ამუშავებდნენ მშენებლობებზე. ისინი ყოველგვარი საზიდრისა და გამწევი საქონლის გარეშე მიათრევდნენ უზარმაზარ ლოდებს. მხოლოდ ქვის იარაღებით კვეთდნენ დიდებულ ქანდაკებებსა და ძეგლებს. ოსტატობით ისინი ეგვიპტის პირამიდების მშენებლებსაც არ ჩამოუვარდებოდნენ.
მეცნიერება და კულტურა მხოლოდ რჩეულთა – დიდებულთა და ქურუმთა ხვედრი გახლდათ. ისინი სულ უფრო ხშირად იყურებოდნენ ზემოთ, ვარსკვლავებისკენ და ივიწყებდნენ მიწას.
საოცარია, რომ ხალხმა, რომლებმაც უზუსტესი კალენდარი შექმნა და არნახულ წარმატებას მიაღწია მათემატიკასა და ასტრონომიაში, გუთნის გამოყენებაც კი არ იცოდა. ძველი საცხოვრისიდან მათი აყრისა და სხვაგან გადასახლების მიზეზადაც ალბათ სწორედ მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის დაბალი განვითარება იქცა. მიწა, რომელზეც ძველი სამეფო მდებარეობდა, მოუხვნელობისა და ხშირი გადაწვისაგან გამოიფიტა და გაუვარგისდა. მაიას ხალხიც იძულებული გახდა დიდებული ქალაქები, მტკიცედ ნაგები სასახლეები მიეტოვებინა და ახალ, დაუსახლებელ ადგილას ახალი სახელმწიფოს მშენებლობა წამოეწყო.

განცხრომაში არიან. კუკულკანი – უზენაესი ფრთოსანი გველი. შესაძლოა, ქარის ღმერთი.

აჰ პუჩ (იუმ კიმილ) (Ah Puch (Yum Cimil)) – სიკვდილის ღმერთი.

ჩაქი – წვიმის ღმერთი – წვიმა და ელვა.

იშჩელი – მშობიარობის, წამლობისა და ქსოვის ხელოვნების მფარველი ქალღმერთი.

ჰუნ-ჰუნაჰპუ – მაიას გმირი ტყუპების მამა. შესაძლოა, კლასიკური პერიოდის მაიას სიმინის ღვთაებაც.

მაიას გმირი ტყუპები – კიჩე მაია უწოდებდა მათ ჰუნაჰპუსა და იშბალანკეს, კიჩეს უნიკალური დოკუმენტის – პოპოლ ვუს ორი ცენტრალური ფიგურა, რომლებიც ფიგურირებენ კლასიკური პერიოდის მაიას (ძვ . წ. 200-900) ხელოვნებაშიც.

იშტაბი (Ixtab) – მაიას თვითმკვლელობის ქალღმერთი.

კინიჩ აჰაუ (Kinich Ahau, Ahau Kin) – მაიას მზის ღმერთი. გამოისახებოდა, როგორც ცეცხლის ჩიტი. იგი როგორც იცამნას მამა, ისევე მისი სახესხვაობაა. ბევრ მსგავსებას ავლენს აცტეკების კეცალკოატლთან.

Yum Kaax – (’ტყეების ბატონი’) – ვიწრო გაგებით, მაიას სიმინდის ღვთაებაა, ფართო გაგებით კი – მიწათმოქმედებისა. თავისი ახალგაზრდული გარეგნობით იგი შესანიშნავი მამაკაცური სილამაზის განსახიერებაა. აგრეთვე ცნობილია, როგორც მაიას მითოლოგიის ღმერთი E.

იუმილ კაშობ (Yumil Kaxob) – მესოამერიკის ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად იუკატანში, სიმინდის ღმერთი ფლორის ღვთაებასთან, იუმილ კაშობთანაა გაიგივებული. იგი გამოსახულია სიმინდის თავსაბურავით და დახვეული ზოლით ლოყაზე. სიმინდის ღვთაება, თავისი სიყმაწვილის გამო, განირჩევა სხვა ღმერთებისგან, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მარტოდმარტო იგი სრულიად უძლურია. მისი ბედნიერება/უბედურება დამოკიდებულია წვიმასა და გვალვაზე. წვიმის ღმერთი იცავს მას, სიკვდილის ღმერთის მიერ მოვლენილი გვალვისა და შიმშილობის პერიოდში კი იტანჯება.

აჰ კინ (Ah Kin) – მაიას მზის ღმერთი, რომელიც მართავს გვალვასა და ავადმყოფობას. მისი სახელი ნიშნავს ”ის მზისაა”.

აჰაუ ჩამაჰეზ (Ahau Chamahez) – მედიცინის ღმერთი.

Ahmakiq – მაიას მიწათმოქმედების ღმერთი. იგი იცავს მოსავალს ქარიშხლისაგან.

Ak Hushtal (Akhushtal) – მაიას მშობიარობის ქალღმერთი.

ბაკაბები (Bacabs) – მაიას მითოლოგიაში, ოთხი მფარველი ღმერთი, იცამნასა და იშჩელის შვილები. ისინი არიან გიგანტები, რომლებიც იკავენებ ზეცას, რათა არ ჩამოვარდეს და ასრულებენ ცის საყრდენის ფუნქციას. ბაკაბები განლაგებულნი არიან კომპასის ოთხ ძირითად მხარეს: კაუაკ (Cauac) შეესაბამება სამხრეთს და მისი ფერია – წითელი; იშ (Ix) შეესაბამება დასავლეთს და მისი ფერია – შავი, კან (Kan) – აღმოსავლეთი, ყვითელი და მულაკ (Mulac) – ჩრდილოეთი, თეთრი. ოთხი მიმართულება და მათი შესატყვისი ფერები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მაიას რელიგიასა და კალენდარულ სისტემებში.

Cit Bolon Tum – მაიას მედიცინის ღმერთი.

კიზინი (Cizin, Kisin) – იუკატეკური მაიას სიკვდილის ღმერთი. იგი ცეცხლით წვავს გარდაცვლილთა სულებს მაიას ქვესკნელში, მეტნალში.

გუკუმაცი (Gukumatz) – ფრთოსანი გველი, მაიას ზეცის ღმერთი. ერთ-ერთია იმ შვიდი ღვთაებიდან, რომლებმაც შექმნეს მსოფლიო და ადამიანები.

Huracan – (ნიშნავს ’ცალფეხას’), ძველი მაიას ქარისა და შტორმის ღმერთი. იგი შემქმნელი ღვთაებაა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ცხოვრობდა ნისლებში და, ქარის ფორმით, ჩამოწოლილი იყო პირველყოფილ წყალდიდობაზე, განუწყვეტლივ იმეორებდა სიტყვას ’მიწა’, სანამ მყარი მსოფლიო ამოიზიდებოდა ზღვებიდან. როდესაც ღმერთები პირველ ადამიანებს განურისხდნენ, მან მოავლინა წარღვნა და გაანადგურა ისინი. სწორედ მისი სახელისგან წარმოიშვა სიტყვა ’ურაგანი’.

Ekahau – მოგზაურებისა და ვაჭრების მფარველი ღმერთი.

იცამნა (Itzamna) – მაიას კულტურის დამაარსებელი. მან მოუტანა მის ხალხს სიმინდი, კაკაო და ასწავლა მათ დამწერლობა, წამლობა და კალენდრების გამოყენება. როგორც კულტურის შემომტანი, იცამნა მაიას იმპერიის მთავარი ღმერთი გახდა. როგორც მთვარის ღმერთი, იგი ღამეს მართავს. იცამნას სხვაგვარად ’ღმერთ D-ს’ უწოდებენ და ’ცოდნის ბატონის’ ტიტულს ატარებს. იგი ჰუნაბ კუს ვაჟი, იშჩელის მეუღლე და ბაკაბების მამაა. მისთვის დამახასიათებელი აღკაზმულობა მოიცავს გველსა და ორკარედ ნიჟარას.

Kan – U – Uayeyab – ქალაქების დამცველი ღმერთი.

Kinich Kakmo – მაიას მზის ღმერთი. სიმბოლურად გამოხატავდა მაკაუ.

შიბალბა (Xibalba) – მაიას მითოლოგიაში, გარდაცვლილების სამეფო. ციცაბო გზა, რომელიც ქვესკნელამდე მიუყვება, მეტად სახიფათოა: იქ ნიაღვრებია, გვერდებიდან უფსკრუკლები ესაზღვრება და დაფარულია ეკლებით. ეს ის ადგილია, სადაც ბოროტი დემონები ცხოვრობენ, რომლებმაც გაბედეს ღმერთების ბრძოლაში გამოწვევა.

მიტნალი (მეტნალი) – მაიას გარდაცვლილების სამეფო. იგი ქვესკნელის მეცხრე და ყველაზე დაბალი საფეხურია: სამარადისო სიცივისა და წყვდიადის ადგილი. აქ აგზავნიან იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც ცუდი ცხოვრებით იცხოვრეს. მიტნალის მმართველია ჰუნჰაუ (რომელიც, სავარაუდოდ აჰ პუჩის სახესხვაობაა).

Muan – სიკვდილის ღვთაება, აჰ პუჩის მაცნე დემონი, ცუდის მომასწავლებელი ფრინველი, ბუ. მაიას სწამს, რომ ბუს დაკივლება ახლომახლოს მცხოვრები ადამიანის სიკვდილს მომასწავლებელია.

Nacon – მაიას ომის ღმერთი.

ეკ ჩუა (Ek Chuah) – მაიას სასტიკი და ძალადობისმოყვარე ომის ღმერთი, დაცემული მებრძოლების მოკავშირე. იგი აგრეთვე ვაჭრების მფარველია, ამის მიმანიშნებელია მისთვის დამახასიათებელი, წელზე მოკიდებული, სხვადასხვაგვარი საქონლით სავსე ტომარა. ეკჩუა გამოისახებოდა, როგორც შავკანიანი კაცი, შავად შეღებილი თვალით, დაკიდებული ქვედა ტუჩითა და მორიელის კუდით. ასევე ცნობილია, როგორც ‘ღმერთი M’. მისი სახელი ნიშნავს ’ომის შავ ბელადს’.

ტაშჩე (Taxche) – ზეციური ხე, რომლის ქვეშაც წმინდა სულები მარადიულ განცხრომაში არიან.

// // //

// // // …ეს მოხდა მექსიკაში

ბულდოზერმა თუ ექსკავატირმა მიწიდან ამოაგდო მრგვალი, ბარელიეფის მაგვარი მოჩუქურთმებული ქვა.

ყველანი მიხვდნენ, რომ წარსული საუკუნეების შესანიშნავ მხატვრულ ნაწარმოებს წააწყდნენ, მაგრამ იმას კი ვეღარ წარმოიდგენდნენ, რომ შემთხვევით აღმოჩენილი ქვა გაცილებით მეტი ღირებულებისა იქნებოდა, ვიდრე ნებისმიერი უძველესი და მაღალმხატვრული ჩუქურთმა ან ბარელიეფი.

როდესაც მისი შესწავლა დაიწყეს, ჩუქურთმებში ნიშანთა რაღაც გარკვეული კანონზომიერებანი ამოიკითხეს. არქიტექტორები და მხატვრები მიხვდნენ, რომ ეს არ იყო არც ჩუქურთმა, არც ბარელიეფი. უმალვე იხმეს მრავალი დარგის სპეციალისტი.

არც მოტყუებულან.

ეს იყო მაიას ტომის კალენდარი.

საოცარი, განსაცვიფრებელი, საიდუმლოებებით აღსავსე ასტრონომიული კალენდარი.

როგორც შემდგომში გაირკვა, იგი ყველაზე რთულია და ყველაზე ზუსტი წარსული საუკუნეების კალენდართა შორის. იგი შედგება რამდენიმე დამოუკიდებელი ”ბორბლისაგან”, რომლებიც დროის ერთმანეთთან დაკავშირებულ ციკლებს აღნუსხავენ. მაიას წელიწადის გამოთვლის 2 სისტემა ჰქონდა: ”ცოლკინ”, ანუ 260 დღიანი წმინდა წელიწადი და საერთო წელიწადი ”ჰააბი”, რომელიც 365 დღისაგან შედგებოდა (18 ოცდღიანი თვისა და 5 დამატებითი დღისგან). ”ჰააბი” ჩვეულებრივი კალენდარული წელთაღრიცხვისათვის იხმარებოდა, ”ცოლკინი” კი რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან იყო დაკავშირებული. ყოველ დღესა და თვეს თავისი საკუთარი სახელი და იეროგლიფი ჰქონდა. მაიას კალენდრის ძირითადი ერთეული იყო დღე – ”კინ”. 20 ”კინი” ერთ ”ვინალს” – თვეს ადგენდა. ”ვინალიდან” მოყოლებული კალენდარი შემდეგ ციკლებად იყოფოდა: 18 ვინალი (5 დღის დამატებით) =1 ტუნს, 20 ტუნი = 1 კატუნს (7200 დღეს), 20 კატუნი = 1 ბაქტუნს (144 000 დღეს), 20 ბაქტუნი = 1 პიკტუნს (2 880 000 დღეს), 20 პიქტუნი = 1 კალაბტუნს (57 600 000 დღეს), 20 კალაბტუნი = 1 კინჩილტუნს (1 152 000 000 დღეს), 20 კინჩილტუნი = 1 ალაუტუნს (23 040 000 000 დღეს).

ყველა ციკლს თავისი ნიშანი ჰქონდა. იეროგლიფზე დართული ციფრები უჩვენებდნენ, რომ ეს ციკლი შესაბამის რიცხვზე უნდა გამრავლებულიყო.

ამის გარდა იყო კიდევ დამატებითი ნიშნები, რომლებიც მთვარის კალენდრის დანაყოფებს აღნიშნავდნენ.

მაიას კალენდარი ყველაზე ზუსტად შეესატყვისებოდა ასტრონომიულ კალენდარს. ამის დასასაბუთებლად ალბათ, შემდეგი სქემაც საკმარისია:

წლის ხანგრძლივობა:

იულიუსის კალენდრით – 365,25 დღე;

გრიგორიანული კალენდრით – 365,242 დღე;

მაიას კალენდრით – 365,242179 დღე;

ასტრონომიული გამოთვლით – 365,242198 დღე.

”მაიას კალენდარში ერთ-ერთ უპირველეს პრობლემად რჩება საწყისი წერტილის პოვნა, – წერს ჩარლზ გალენკამპი, – საიდანაც ისინი იწყებდნენ წელთაღრიცხვას. აუცილებელია დადგინდეს მაიას კალენდრის მიმართება ჩვენს გრიგორიანულ კალენდართან. როგორც ვიცით, გრიგორიანული კალენდარი დროს ქრისტეს დაბადებიდან აღნუსხავს. მაგრამ ეს ამბავი როგორ უნდა შევუთავსოთ მაიას ქრონოლოგიას? კალენდრის წარწერების შესწავლით დადგინდა, რომ ”საწყისი სერიის” ყოველი ციკლი აღინუსხება საიდუმლო თარიღიდან ”4 ახაუ 8 კუმხუ”. როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს მაიას ქრონოლოგიის საწყისი წერტილი. ეს თარიღი ”ნულად” აღინიშნება და დაახლოებით ჩვენს ერამდე 4 ათასწლეულს განეკუთვნება. სპინდენის აზრით, იგი შეესაბამება 3373 წლის 14 ოქტომბერს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. გუდმენის, მარტინესისა და ტომპსონის კორელაციური სისტემის მიხედვით კი ეს თარიღი 3113 წელს ემთხვევა. რაგინდ საოცარიც არ უნდა იყოს, იგი 3000 წლით აღემატება ჩვენთვის ცნობილ მაიას ”ლეიდენურ ფირფიტებსა” და ვაშაკტუნის ”სტელაზე” აღნიშნულ თარიღებს. ამიტომ, არქეოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ”4 ახაუ 8 კუმხუ” უფრო ლეგენდარულ ამბავს უნდა აღნიშნავდეს, ვიდრე ისტორიულ ფაქტს”

მორლის აზრით, მაია ამ თარიღს სამყაროს შექმნას ან თავიანთი ღმერთების დაბადებას უკავშირებდა. სწორედ ამ საწყისი წერტილიდან დაუწყიათ დროის აღრიცხვა ქურუმ-ასტრონომებს.

ამ აზრს არ იზიარებს რუმინელი მეცნიერი ხორია მატეი. იგი წერს: ”მეცნიერებისათვის ყველაზე თავსატეხ და საკამათო საგნად მაინც უკანასკნელი კითხვა რჩება – მაიას ქრონოლოგიის პირველი თარიღი, მაიას კალენდრის პირველი დღე. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ეს დღე 3300 წელს იდგა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ბოლო ვაშაკტუნში აღმოჩენილ ყველაზე ძველ სტელაზე 328 წელია (ჩვენი წელთაღრიცხვით) აღნიშნული. ამგვარად, რჩება 36 საუკუნეზე მეტი განსხვავება და მაიას მკვლევარ არქეოლოგთა და ისტორიკოსთა მუშაობა ერთი მიზნისკენ არის მიმართული – ამოავსო ნეს უფსკრული.

სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი ჰიპოთეზაც წარმოიშვა: ეს 3300 წლის წინანდელი დღე მაიას ისტორიში თითქოს არავითარ მოვლენას არ აღნიშნავდა, ჩვეულებრივი დღე იყოო, მაგრამ ამ ჰიპოთეზას ეწინააღმდეგება ის, რომ მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდრის მფლობელი მაიას ხალხი თავის ”სტელებზე” მნიშვნელობას მოკლებულ, შემთხვევით თარიღებს არ ამოკვეთავდა ხოლმე. ესეც არ იყოს, ისტორია გვიდასტურებს, რომ არც ერთ ხალხს არ დაუწყია თავისი წელთაღრიცხვა არც ძველად და არც შედარებით ახლო წარსულში ალალბედზე და სახელდახელოდ. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მაიას კალენდრის პირველი დღე – ”4 ახაუ 8 კუმხუ”, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3300 წელს შეესაბამება, მაიას ისტორიის რაღაც მნიშვნელოვან თარიღს უნდა აღნიშნავდეს. ოღონდ ესაა, რომ კოპენის, პალენკეს, ვაშაკტუნისა და ჩიჩენ-იცის ძეგლებზე ”თვალდათხრილ” არქეოლოგებსა და მკვლევარება ჯერაც ვერ ამოუხსნიათ ეს საიდუმლო”.

ამავე აზრს იზიარებს ყოფილი საბჭოთა მეცნიერი ა. გორბოვსკი. იგი მაიას კალენდრის საწყისს წარღვნას უკავშირებს.

”შეიძლებოდა იმასაც ვცდილიყავით, – წერს ა. გორბოვსკი, – რომ უფრო მეტი სიზუსტით დაგვედგინა კატასტროფის ტარიღი. ცნობილმა მკვლევარმა იულიუს ოპერტმა ბრიუსელში გამართულ ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე ამ ასიოდე წლის წინათ აუწყა მსმენელებს, თუ რა უცნაურად ემთხვეოდა ერთმანეთს სხვადასხვა უძველესი კალენდრების სათვალავის დასაწყისები.

ლოგიკური იქნება იმის ვარაუდი, რომ სხვადასხვა უძველეს ცივილიზაციათა წელთაღრიცხვას საფუძვლად რაღაც დიდმნიშვნელოვანი მოვლენა დაედო. ამას ორი კალენდრის – მაიასა და ინდუსების კალენდრების შეპირისპირებაც ადასტურებს.

ძველ ინდოეთში მთვარისა და მზის საკალენდრო ციკლი 2850 წელს შეადგენდა. ”კალიუგას” საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3102 წელს დაწყებულა. ამ თარიღიდან 3 ცილი რომ გადმოვთვალოთ, მივიღებთ 11 652 წელს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე)

მაიას კალენდარი დაიწყო 3373 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. საკალენდრო ციკლი 2760 წელს შეადგენს. 3373 წლიდან 3 ციკლი რომ გადავთვალოთ, მივიღებთ 11 653 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

ინდური და მაიას კალენდრების დასაწყისი 1 წლით რომ განსხვავდება, ადვილად ასახსნელი ამბავია: უნდა ვივარაუდოთ, რომ ორივე ერთ წელს დაიწყო, მაგრამ თვეები იყო სხვადასხვა.

ამრიგად ხელთ გვაქვს 2 საგულისხმო თარიღი. ამ თარიღებთან ხომ არ არის დაკავშირებული კატასტროფა?

მაიას კალენდარში ბევრი რამ ამოიცნეს მკვლევარებმა, მაგალითად დაადგინეს, რას ნიშნავს ორმოცდათორმეტწლიანი ციკლი, თუმცა კალენდარში ყველაფერი როდია დადგენილი და გარკვეული! მაგალითად, ამოუხსნელი საკითხების რიცხვს ეკუთვნის შვიდიათას ორასდღიანი ციკლი (კატუნი), აგრეთვე 44 000 დღიანი ციკლი, რომელიც მაიას კალენდრის არც ერთ ერთეულზე არ იყოფა. გაუგებარია აგრეთვე მნიშვნელობა ”დიდი ციკისა” და ”უდიდესი ციკლისა” (57 600 000 დღე). მაიას ტომები თავიანთი კალენდრის ტყვეობაში მოექცნენ და ყველაფერს მას უმორჩილებდნენ, ყველაფერს რაღაც გარკვეულ ამბებს უკავშირებდნენ. მაინც რა მნიშვნელობა აქვს ამ ციკლებს? ან რა მოვლენით აღინიშნებოდა ეს 44 000 დღე, რომელიც არც ერთ კალენდარულ დაყოფას არ შეესაბამება?

როგორც ვხედავთ აქ ათას საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ფაქტი ერთია, – ყოვლად შეუძლებელია ასეთი კალენდარი შეედგინა ერს, რომელსაც არ გააჩნდა უდიდესი მათემატიკური ცოდნა. მაიას ქურუმები ფლობდნენ ოცნიშნა რიცხვებს, ანგარიშობდნენ მზის დაბნელებას და მრავალ ასტრონომიულ მოვლენას. მაგრამ მაიას ტომების ყველაზე დიდ მიღწევად მათემატიკაში ითვლება 0-ის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ნული – ეს აბსტრაქტული მათემატიკური ცნება – არც ერთი ქვეყნის მათემატიკოსებმა არ იცოდნენ. იგი ”ძველ სამყაროში” (ასე ეძახდნენ მსოფლიოს ამერიკის აღმოჩენამდე) ინდოელებმა გამოიყენეს და მერე თანდათანობით გავრცელდა ევროპაში. მაგრამ მაიას ტომები გაცილებით ადრე იცნობდნენ ნულს, ვიდრე ინდოელი მათემატიკოსები.

თუმცა მაიას ტომებმა არ იცოდნენ რა იყო ბორბალი, არ იცოდნენ რა იყო მუშასაქონელი და გუთანი, არ იცოდნენ ლითონის გამოყენება. მართალია, შედარებით გვიანდელ ისტორიულ პერიოდში ცენტრალურ ამერიკასა და ანდების მთიან მხარეში გვხვდება ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, მაგრამ ისინი ამ მეტალებს მხოლოდ და მხოლოდ სამკაულებად იყენებდნენ. ერთი სიტყვით, სილვანუს მორლის სიტყვებით რომ ვთქვათ: ”მაია იცნობდა და იყენებდა მხოლოდ ორს (ცეცხლის მოპოვება, მიწათმოქმედება – გ.ფ.) იმ ხუთი მიღწევიდან (ცეცხლის მოპოვება, მიწათმოქმედება, გამწევი ძალა, ლითონის იარაღების შექმნა და ბორბლის გამოგონება გ.ფ.), რომლებიც ცივილიზაციისაკენ მიმავალი კიბის საფეხურებს წარმოადგენენ. ძველ სამყაროში მაიას კულტურუი განვითარების დონის ანალოგი რომ ვიპოვოთ, კაცობრიობის ისტორიის სიღრმეში, ნეოლითის დასაწყისში, ქვის იარაღის ხანაში უნდა ჩავეშვათ, როცა ადამიანის ცოდნაც და ტექნიკაც ერთნაირად ღარიბი იყო. მხოლოდ და მხოლოდ განვითარების ამ პრიმიტიულ დონეზე შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ მაიას და ძველი სამყაროს ცივილიზაციები. და თუ შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ძველი სამყაროს არც ერთ ხალხს, რომელიც განვითარების ასეთივე საფეხურიდან დაძრულა, არ მიუღწევია იმ სიმაღლეებისათვის, რასაც მიაღწია ცენტრალურ ამერიკაში მაიამ”

მაგრამ ეს როდია განსაცვიფრებელი. აქ უფრო ნათლად უნდა გამოვყოთ მთავარი საოცრება. ინდიელმა ქურუმმა ასტრონომებმა, რომლებსაც ჰქონდათ საიმისო ცოდნა, რომ გაანგარიშებით აეგოთ უზარმაზარი ქალაქები, პირამიდები, ტაძრები და გზები, არ იცოდნენ, რა იყო ბორბალი ან ლითონის ხელსაწყო. არ იცოდნენ, რა იყო გამწევი ძალა. პირველად, როცა ესპანელი ცხენოსანი დაინახეს, შიშის ზარი დაეცათ – ცხენოსანი ერთი მთლიანი არსება ეგონათ.

მაგრამ არც ესაა ყველაფერი. უმთავრესი საოცრება კიდევ სხვაა – მაიას ცივილიზაციას არ ჰქონია განვითარების ეტაპები. მათ თითქოს თავიდანვე იცოდნენ ყველაფერი. არ ყოფილა მაიას კალენდრის წინაპარი კალენდარი, რომელიც თანდათან დაიხვეწა და მიიღო საბოლოო სახე. მათ თითქოს თავიდანვე ჰქონდათ მზამზარეული ცოდნა, მომწიფებული ცივილიზაცია.

”როგორ შეძლო მაიამ, – წერს ამერიკელი მეცნიერი დოქტორი ჯეიკმანი, – შეენარჩუნებინა მაღალი დონე თავისი ცივილიზაციისა, რომელიც დაბადებისთანავე სავსებით მომწიფებული იყო? სად უნდა ვეძიოთ მათი არქიტექტურისა და ქანდაკების ფესვები? სადაა ის პრიმიტიული წარმოდგენები, როლებიც საფუძვლად დაედო ასტრონომიისა და მათემატიკის დარგში უფრო სრულყოფილ გამოგონებებს? სადაა უხეში სქემები, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნა მაიას არაჩვეულებრივად რთულ კალენდრად, გარდასული და მომავალი დროის მილიონობის წელთა გამოთვლა რომ ძალუძს? ანდა სადაა ის უმარტივესი ნიშნები, რომელთა საფუძველზე მაიას ქურუმებმა სექმნეს იეროგლიფური დამწერლობა? პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მიგვეგნო ისეთ ფაქტებისათვის, რომლებიც არ დარგების თანდათანობით განვითაებას გვიჩვენებენ, განვითარებას, წინ რომ უძღოდა მათ აყვავებას. როგორც ჩანს, მაიას ცივილიზაცია რომელიღაც უცნობი წყაროდან აღმოცენდა”

და მეცნიერთა გონებაში კვლავ ამოტივტივდა ატლანტისი, და ღუპული კონტინენტის პლატონისეული მითი. წარღვნისა და ატლანტისის დაღუპვის ჰიპოთეზას იზიარებს აგრეთზე ყოფილი საბჭოთა მკვლევარი ა. გორბოვსკი. მას მიაჩნია, რომ უწინარსებობდა კავშირი ამერიკასა და დანარჩენ კონტინენტებს შორის. მათ შორის კავშირი გაწყვეტილა რაღაც საშინელი კატასტროფის შემდეგ. იგი ცდილობს მექსიკურ, ეგვიპტურ, ინდურ თუ ქხმერულ ლეგენდებში, არქიტექტურასა და ზნე-ჩვეულებებში აღმოაჩინოს ბევრი რამ საერთო და აქედან დაგვანახოს, რომ ევოპეებს თუ აზიელებს უწინ ახლო კავშირი ჰქონდათ ინკებთან თუ მაიას ტომებთან. თავისი აზრის დასადასტურებლად ა. გორბოვსკის მოაქვს ბიბლიისა და ტოლტეკების საღვთო ტექსტების ერთმანეთთან ზუსტი დამთხვევის მაგალითები. ”რატომაა, – კითხულობს ა. გორბოვსკი, – რომ წიგნში, რომელსაც ეწოდებოდა ”ჩილამ ბალამ” და რომელშიც მაიას ქურუმები წარღვნის ამბების ჩანაწერებს ინახავდნენ, აგრეთვე ნათქვემია: ”ცაზე გამოისახა ცისარტყელა, ნიშნად იმისა, რომ ქვეყნიერებაზე ყოველივე მოისრა”.

საინტერესოა ა. გორბოვსკის მოსაზრებები არქიტექტურულ ანალოგიებზე. იგი იშველიებს მკვლევართა აზრს და ამბობს, მაიასა და ქხმერების რომელიღაც ტაძრები ისე ჰგვანან ერთმანეთს, ლამის ერთიმეორის ასლად მივიჩნიოთ.

ა. გორბოვსკი ასევე იშველიებს ბევრ მსგავს რელიგიურ რიტუალს, ნახატს, ქანდაკებასა თუ ლეგენდას.

ამავე აზრს იზიარებს ნორვეგიელი მეცნიერი და მოგზაური ტურ ჰეიერდალი. მან პაპირუსის ნავით გადაცურა ატლანტის ოკეანე და დაამტკიცა, რომ ეგვიპტელებს შეეძლოთ მიღწევა ამერიკამდე.

მართლაცდა, უდევს თუ არა საფუძვლად მაიას ძველეგვიპტელთა ან სხვა უძველეს ცივილიზაციათა მიღწევები?

ამ კითხვაზე პასუხს იძლევა ამერიკელი მეცნიერი ჯონ ლოიდ სტეფენსი. იგი ამტკიცებს, მთელი ამერიკული კულტურა თვითმყოფადია და არაფერი აქვსო საერთო ევროპულ, აზიურ და აფრიკულ კულტურებთან. ”პირამიდის ფორმა, – წერს იგი, – ბევრ ქვეყანაში გვხვდება, რადგან მას გააჩნია ყველაზე უბრალო, საიმედო ფორმა და მყარი ფუნდამენტი მაღალი შენობის ასაგებად”. შემდეგ სტეფენსი ამტკიცებს, ამერიკული პირამიდები გაცილებით რთულია და განსხვავებული, ვიდრე ეგვიპტურიო. ეს ეხებაო როგორც კონსტრუქციას, ისე დეკორატიულ მხარეს.

მაშ, მაიას ცივილიზაცია იყო კაცობრიობის განვითარების პარალელური გზა?

მაგრამ ისევ და ისევ არ გვასვენებს იგივე კითხვა: ვინ მისცა ამდენი ასტრონომიული ცოდნა მაიას ქურუმებს, როცა მათ არ გააჩნდათ არავითარი ასტრონომიული ხელსაწყო და წარმოდგენა არ ჰქონდათ სრულიად ელემენტარულ ამბებზე? ანდა რას ნიშნავს მაიას ტაძრებში გამოსახული ფრესკები, დღევანდელ რაკეტებს რომ მოგვაგონებენ?

როგორც ვხედავთ, ბევრი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საიდუმლოებანი კიდევ უფრო მისტიკურს ხდიან ამოუცნობ მაიას ცივილიზაციას. შოკოლადის საიდუმლო კაკაოს ხეს მაია ”კაკაჰუაქუჩტლ”-ს (cacahuaquchtl) უწოდებდა, ”შოკოლადი” კი სიტყვა ”შოკოატლ”-ისგან (xocoatl) წარმოიშვა, რაც მაიას ენაზე – ”მწარე წყალს” ნიშნავს. კაკაოს ხის ნაყოფი, რომელიც მაიას ტომისათვის სიცოცხლესთან და ნაყოფიერებასთან ასოცირდებოდა, ხშირად გამოიყენებოდა რელიგიურ რიტუალებში. შოკოლადის ქალღმერთს – ეკ ჩუა ერქვა, მის საპატივცემულოდ ყოველ წელს ცხოველთა მსხვერპლშეწირვის რიტუალი სრულდებოდა.

მაიას ტომს წამდა, რომ კაკაოს თესლი – ღმერთთა საკვებს წარმოადგენდა.

საინტერესო აღმოჩენა

არც თუ დიდი ხნის წინ, მაიას რეგიონში მეტად მნიშვნელოვან ჭურჭელს მიაკვლიეს. იგი თანამედროვე ჩაიდანს ემსგავსება და ჩვ. წ.-მდე VI საუკუნით თარიღდება. აღნიშნული კერამიკული ’ჩაიდნის’ დეტალურმა ქიმიურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მაიას ტომი შოკოლადს ჯერ კიდევ 2,600 წლის წინ ამზადებდა. ამ აღმოჩენამდე კი მიიჩნეოდა, რომ ადამიანმა პირველად სულ რაღაც 1,000 წლის წინ გამოიყენა კაკაოს ხის ნაყოფი შოკოლადის მისაღებად.

საინტერესოა, ვინ ”გამოიგონა” შოკოლადი? ეს შეკითხვა ჯერ კიდევ 15 წლის წინაც საკმაოდ აქტუალური იყო, რამეთუ სწორედ ამ დროისათვის მაიას ცივილიზაციის ქალაქ – რიო აზულში (გვატემალას ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი) იპოვეს შესანიშნავად მოხატული შოკოლადის ქოთანი (იხ. ფოტო). ეს უკანასკნელი ჩვ. წ. 460-480 წლებითაა დათარიღებული. ქიმიური ანალიზის შედეგად ჭურჭლის ფსკერზე შოკოლადის ნარჩენებს მიაკვლიეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მაია ჩვ. წ. მე-5 საუკუნეში უკვე მიირთმევდა შოკოლადს. ახალმა აღმოჩენამ კი თითქმის მთლიანად გააქარწყლა მეცნიერთა მოძველებული შეხედულებანი. მიუხედავად იმისა, რომ სწავლულთა უმეტესობა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ შოკოლადი სწორედ მაიას ტომმა ”გამოიგონა”, მაიკლ კო (”შოკოლადის ნამდვილი ისტორია”, წიგნის ერთ-ერთი ავტორი) ცდილობს დაამტკიცოს, რომ პირველად შოკოლადი არა მაიამ, არამედ უძველესმა ოლმეკებმა დაამზადეს (ოლმეკები ცხოვრობდნენ მექსიკის ყურის სამხრეთ ნაწილში (გვატემალა, ჰონდურასი, ბელიზე, კოსტა რიკო და ელ სალვადორის ტერიტ.) ჩვ. წელთაღრიცხვამდე 1500-500 წლებში). ”მაიას ტომმა უამრავი რამ გადაიღო ოლმეკთა ცივილიზაციისაგან” – აღნიშნავს კო, ”თანაც სიტყვა ”კაკაო” ეკუთვნის არა მაიას, არამედ ოლმეკებს”. თუმცა, ფაქტი ფაქტადვე რჩება – მაიას ტომი ჯერ კიდევ ჩვ. წ.-მდე მე-6 საუკუნეში სვამდა შოკოლადს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთხსენებული ჩაიდნის-მსგავსი ჭურჭელი მაიას ტრადიციული ჭურჭლისაგან განსხვავდება. ამ საკითხითაა დაინტერესებული ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერი – არქეოლოგი ტერი პოვისი. ”ტუჩიანი ჭურჭელი მეტად შორს დგას მაიას სხვა კერამიკისაგან, საკმაოდ იშვიათია და ასოცირდება ელიტარულ დაკრძალვებთან”. ნუთუ ეს მსჯელობა ეჭქვეშ აყენებს ფაქტს, რომ ჭურჭელი მაიას ცივილიზაციას ეკუთვნის? არამც და არამც! 1891 წელს 14 მსგავსი ჭურჭელი აღმოაჩინეს კოლჰას ტერიტორიაზე, რომელიც ბელიზეს ჩრდილოეთ ნაწილში, კარიბის ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს. ჩვ. წ.-მდე 1300-900 წწ. კოლჰა მაიას ტომით იყო დასახლებული. იგი ქვის იარაღებისა და პრეკლასიკური ტუჩიანი ჭურჭლების წარმოებითაა ცნობილი.

უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ რიგითი მაიას ყოველდღიური ცხოვრება გარკვეულწილად შესაშურიცაა, ვინაიდან ისინი დღეში სამჯერ მაინც მიირთმევდნენ გემრიელ შოკოლადს. ეს იყო საკვები როგორც მდიდრებისათვის, ისევე ღარიბებისთვის (მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს ხის მეცნიერული სახელი – Theobroma cacao ”ღმერთთა საკვებს” ნიშნავს). მაიას ფრესკებზე ხშირადაა გამოსახული შოკოლადის მომზადების სცენა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაიას შოკოლადი დიდად განსხვავდებოდა ამერიკული თხელი, ”წყალწყალა” ცხელი შოკოლადისაგან. იგი გაცილებით სქელი, ბლანტი და ქაფიანი იყო.

შოკოლადის საიდუმლო რეცეპტი

შოკოლადი მზადდება კაკაოს ხის თესლისაგან. ნაყოფიდან გამოთავისუფლების შემდგომ, თესლებს აღვივებენ მანამ, სანამ მუქ ყავისფერ ფერს არ მიიღებენ. ამის შემდგომ აშრობენ, ხალავენ და ფქვავენ, რათა მიიღონ ფხვიერი მასა შოკოლადის დასამზადებლად. მაიას ტომი ამ მასას ურევდა დაფქვულ სიმინდს, წყალს, თაფლს ან ჩილის. სამწუხაროდ, დანარჩენი ინგრედიენტები ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა და საიდუმლოს წარმოადგენს. ჭიქა ცხელი შოკოლადი შოკოლადის მოხატული ქოთანი რიო აზულიდან (გვატემალა) 2012? მითი თუ სინამდვილე? ბოლო დროს სულ უფრო მეტი შეკითხვა იბადება ქვეყნიერების გარდაუვალ აღსასრულთან დაკავშირებით. ადამიანთა ნაწილი ამ მოვლენას 2012 წელს უკავშირებს, შესაბამის ”წინასწარმეტყველებას” კი სრულიად უსაფუძვლოდ მაიას ცივილიზაციის ქურუმებს მიაკუთვნებენ.

პირველის ნაშრომი, სადაც აღნიშნულ თარიღს ესქატოლოგიური დატვირთვა მიენიჭა, ცნობილ მაიანისტს, მაიკლ კოს ეკუთვნის. ეს წიგნი 1966 წელს დაიბეჭდა. სწორედ კოს იდეა დაედო საფუძვლად უამრავ მითს 2012 წლის არმაგედონის, სამყაროს დასასრულის, მეორედ მოსვლისა და ა.შ. შესახებ.

საქმე იმაშია, რომ ე.წ. მესოამერიკული ’გრძელი თვლის კალენდრის’ თანახმად, რომელსაც კოლუმბამდელი მაიას ცივილიზაციაც იყენებდა, ამჟამინდელი, ანუ მე-13 ბაკტუნის ციკლის დასასრული 2012 წლის 21 დეკემბერს ემთხვევა.

მაიას კალენდრის პირველი დღე – 4 აჰაუ 8 კუმკუ, სავარაუდოდ, ჩვ. წ.-მდე 3114 წლის 11, ან 13 აგვისტოს შეესაბამება (გრეგორიანული კალენდრ.) , მე-13 ბაკტუნის დასასრული კი ჩვ. წ. 2012 წლის 21, ან 23 დეკემბერს. აღსანიშნავია ისიც, რომ 1 ბაკტუნი 20 კატუნს, ანუ 144, 000 დღეს უდრის. მაიას ცივილიზაციის კლასიკური პერიოდი ამჟამინდელი კალენდარული ციკლის VIII-IX ბაკტუნებში იყო მოქცეული. მე-13 ბაკტუნი 2012 წლის 21 დეკემბერს დასრულდება, ეს თარიღი შესაბამისად მე-14 ბაკტუნის დასაწყისიცაა.

მიაჩნდა თუ არა თვით მაიას 2012 წელი ქვეყნიერების დასასრულის დასაწყისად? – შეკითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა შეუძლებელია, რამეთუ ამ საკითხზე მსჯელობის არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს. დამაჯერებლად საუბარი კი მხოლოდ იმაზეა შესაძლებელი, რომ სწორედ ამ დროისათვის დასრულდება კიდევ ერთი ვრცელი ციკლი მაიას კალენდრისა

პალენკეს ტაძრის პირამიდა VII საუკუნიდან დგას ჯუნგლებში. ის მაიას ტომის ხალხმა ააგო. მხოლოდ 1952 წელს მიხვდა მექსიკელი არქეოლოგი ალბერტო რუზ ლუილიერი, რომ ეს მხოლოდ ტაძარი კი არა, სამარხიც იყო. მან ტაძრის იატაკზე უჩვეულო ფილა შეამჩნია, რომლის ქვეშაც პირამიდაში ჩამავალი კიბე აღმოჩნდა. პირამიდაში ადამიანების ნეშტები და თაბაშირის თავები ეწყო, ხოლო სიღრმეში ქვის უზარმაზარი სარკოფაგი იდგა. ცხედარი, რომლის სახეს მწვანე ნიფრიტის ულამაზესი ნიღაბი ფარავს, მაიას ტომის ბელადს, პასალ II დიდის ეკუთვნის, რომელიც მაიას ხალხს 615-683 წლებში მართავდა. ბელადის ნეშტი ნიფრიტის მდიდრული ორნამენტებით, ბეჭდებითა და ყელსაბმებით იყო შემკული.

თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი მაინც სამარხი აღმოჩნდა. ხელმწიფის მოჩუქურთმებული საფლავის ქვა კლასიკური პერიოდის მაიას ხელოვნების შედევრია. უამრავი ჰიპოთეზა წარმოიშვა იმის შესახებ, თუ რისი თქმა სურდა მაიას, რისი მიმანიშნებელია ფილაზე გამოსახული სცენა? ყველაზე მიღებული აზრი მეცნიერთა შორის შემდეგში მდგომარეობს: ქვის ფილაზე კარგად ჩანს პასალ მეორე, რომელიც არა მოხუცი (ასაკზე ყურადღება გამახვილებულია იმიტომ, რომ პასალი საკმაოდ მოხუცებული – 80 წლის ასაკში გარდაიცვალა), არამედ ახალგაზრდა და მშვენიერია. იგი ზეციური ხის (სიწმინდის სიმბოლო – იხილეთ ”მითოლოგია”) ქვეშ ზის. მართკუთხა ფორმის ფილის კიდეებზე გამოსახულია – მზე, მთვარე, ვენერა, თანავარსკვლავედები. პასალის ქვევით მაიას წყლის ღვთაება – ქვესკნელს კარიბჭის მცველია გამოსახული, ფილის ქვედა ნაწილში კი – გახსნილი პირი ურჩხულისა ან გველისა. სწორედ ესაა Xibalba-ს, მიცვალებულთა სამყაროს, შესასვლელი.

ამ ჰიპოთეზის თანახმად, ფილაზე უბრალოდ გამოსახულია სცენა, თუ როგორ გადადის პასალი ცოცხალთა სამყაროდან მიცვალებულთა ქვესკნელში, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს უბრალოდ ერთ-ერთი ვარაუდია, განვიხილოთ მეორეც – ყველაზე მისტიკური და საინტერესო.

აი რას წერს ყოფილი საბჭოთა მეცნიერი – ალექსანდრე კაზანცევი: ”…ბევრმა მიაქცია ყურადღება, რომ საფლავის ქვაზე გამოსახული სურათი ძალიან ჰგავდა რაკეტის განივ ჭრილს. იაპონელმა დოქტორმა იუსუკე მაცუბურამ გამომიგზავნა რეკონსტრუირებული ფოტო, ფოტოზე თანამედროვე რაკეტაა გამოსახული, პილოტის ადგილზე კი ზის – ინდიელი მაია (ნაგულისხმებია პასალ დიდი). ეს სურათი რაკეტის სპეციალისტებს რომ ვუჩვენე, მათ მტკიცედ განაცხადეს, საფლავის ქვაზე გამოსახული ”კოსმოსური ხომალდის განივი ჭრილი” გაცილებით უფრო ზუსტია, ვიდრე იაპონიიდან გამოგზავნილი რეკონსტრუქციაო, ფოტოზე მასშტაბი თვითნებურად არის შეცვლილიო. გარდა ამისა ჩემთვის შემოუთავაზებიათ სხვადასხვა (ატომგულისაც კი) ძრავის საინტერესო ვარიანტები, რომლებიც ქურუმებს სტილიზებულად გამოუსახავთ უძველეს ნახატებზე.

მე მივწერე სამარხის აღმომჩენს – ალბერტო რუს ლუილის, – დასანანია, რომ რაკეტის მოყვანილობის სარკოფაგში აღმოჩენილი ჩონჩხიდან არავის უცდია აღედგინა მიცვალებულის სახე, რაც შეეძლო ჩვენს გამოჩენილ მეცნიერ-სკულპტორს მ. გერასიმოვს გაეკეთებინა-მეთქი. მექსიკელმა მაცნობა, რომ მისმა კოლეგებმა შეძლეს მიცვალებულის ნეფრიტის ნიღბის აღდგენა და ნიღბის ფოტოსურათიც გამომიგზავნა. ამ ქურუმის, ბელადის თუ პილოტის გამომეტყველი სახის ნაკვთების ყურება ერთ რამედ ღირს. ეჭვი არაა, რომ საფლავის ქვაზე გამოსახული მამაკაცი და მიცვალებული ერთი და იგივე პიროვნებაა. ვითომ ეს ერთ-ერთი ”მოსულთაგანია”? ძნელი სათქმელია. მაგრამ იქნებ მას რაიმე საერთო ჰქონდა ”მოსულთან”. მაიას ძველ ხელნაწერებში, რომლებიც ჩვენმა მეცნიერმა ი. ვ. კნოროზოვმა გაშიფრა (იგი წაიკითხეს ასევე აკადემიკოს ს. ლ. სობოლევის ინიციატივით ელექტროგამომთვლელი მანქანითაც), ვკითხულობთ უაღრესად საინტერესო ბწკარებს: ხელნაწერი მოგვითხრობს ცაში ატეხილ ქუხილზე (რომელსაც წვიმა არ მოჰყოლია), ციდან ჩამოსულ მზის სახეთეთრ შვილებზე, რომელთაც ხელებზე ცეცხლი ენთოთ. შევადაროთ ეს აღწერილობა ლეგენდარულ ღმერთ კეცალკოატლს (აღვნიშნავ, რომ იგი არა მაიას, არამედ – აცტეკების უზენაესი ღვთაება გახლავთ). იგი ახოვანი, ქერათმიანი, წვეროსანი კაცი იყო, ”თავის ტომის” ხალხს სრულიად არ ჰგავდა. ქვეყანასაც ”უცნაურად” მართავდა, აკრძალა ადამიანის მსხვერპლად შეწირვა და ამით ქურუმები აიმხედრა.

ნეფრიტის ნიღაბს თუ ჩავუკვირდებით, ერთი დეტალი განგვაცვიფრებს. ცხვირი ორად ყოფს შუბლს, იგი წარბებს ზემოთ იწყება. ვითომ შემთხვევითია, სამარხში ორი გამოქანდაკებული თავი რომ იპოვეს – ხნიერი მამაკაცისა და ჭაბუკი მეომრის თავები, რომელთაც ასეთივე უცნაური სახის ნაკვთები ჰქონდათ? ვინ იცის, იქნებ ”შუბლცხვირა” (ასე ვუწოდოთ მათ პირობითად) ადამიანებს რაღაცა კავშირი ჰქონდათ (იქნებ მემკვიდრეობითი) კოსმოსიდან დედამიწაზე ოდესღაც მოფრენილ სტუმრებთან. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის დღეს-დღეისობით ცნობილი არ არის ასეთი ნაკვთებიანი ხალხი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა პატივით ეპყრობოდნენ ძველ მაიაში ასეთ ნაკვთებიან ადამიანებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საფლავის ლოდზე გამოსახულია ის, რაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, როგორც შორეული წარსულის მოგონება – იმ დროს რომელიღაც საფრენი აპარატით ციდან ჩამოსულან ცის, მზის შვილები. ეს ამბავი სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ტომების – მაიას, ინკების, აცტეკების ლეგენდებშია შემონახული.”
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1061 | დაამატა: giorgi07 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz