ლიმონი
(Citrus limon), მრავალწლოვანი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარე ციტრუსოვანთა გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა. ლიმონის ხის სიმაღლე 3—7 მ აღწევს. აქვს ეკლებიანი ტოტები, ღია მწვანე მოგრძო ლანცეტისებრი ან მოგრძო კვერცხისებრი, კიდედაკბილული, ტყავისებრი ფოთლები. ყვავილი ორსქესიანია, თეთრი, არომატული. ნაყოფი მრავალბუდიანი კენჯრაა, სიგრძე 6—7 სმ, დიამეტრი 5—6 სმ (120გ-მდე), ნაყოფის ქერქი 2—5 მმ სისქისაა, ყვითელი, გლუვი ან ამობურცულია. ზეთოვანი ჯირკვლებითაა მოფენილი, მწარე, დამახასიათებელი არომატი აქვს. რბილობი მომწვანო-მოყვითალოი, წვრილმარცვლოვანი, წვნიანი, ძალიან მჯავეა. თესლი ღია ფერისაა, გლუვი, ნაყოფში დაახლოებით 20 ცალი ან მეტია.
ლიმონი სითბოს და სინათლის მოყვარე მცენარეა, ციტრუსოვან მცენარეთა შორის ყველაზე უფრო უყვარს ტენი. მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. ველურად არ არის შენიშნული. მოშენებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, აშშ-ის, მექსიკის, არგენტინისა და სხვა სუბტრიპიკულ რაიონებში. ყოფილ სსრკ-ში 200 წელზე მეტია რაც მოჰყავთ. ღია გრუნტში ლიმონის მოშენების უმთავრესი რაიონებია კავკასიის შავი ზღვის სანაპირო, აზერბაიჯანი, შუა აზია. ლიმონი მოჰყავთ ტრანშეებში, აგრეთვე ოთახის პირობებში. ლიმონის ნაყოფი შეიცავს (%-ობით): მჟავებს (უმთავრესად ლიმონის) — 3,5—8,1, შაქრებს — 1,9—3, C ვიტამინს — 45—140 მგ 100 გ-ში, აგრეთვე P და B ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კრინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს. იყენებენ ნედლად, წვენების წარმოებაში, ლიმონის მჟავად და სხვა. ლიმონს ამრავლებენ მყნობითა და კალმით. ნამყენი ლიმონი მსხმოიარობს მე-3 მე-4 წელს. მოსავალი ერთი ხიდან 150-300 ნაყოფია.
საქართველოში ლიმონის ნარგაობას დაახლოებით 1000 ჰა უკავია. ყინვით დაზიანების შემთხვევაში მისი მოსავლიანობა კლებულობს. საქართველოში ლიმონის მაქსიმალური წარმოება 4 ათას ტონამდე აღწევს.
|