იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები და ბატასინები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენენ. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნამდვილ იხვებს გემრიელი ხორცი აქვთ. წონა მერყეობს 250-იდან 2000 გრამამდე. ყვინთიებისა და ბატასინების ხორცი უფრო დაბალი ღირსებისაა.
იხვები მიმოფრენი ფრინველებია. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება. ზოგი ბუდობს კიდეც ზოგიერთი შიდა წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში (ჯავახეთში) მობუდარი იხვებიდან აღსანიშნავია: წითელი იხვი (Casarca frruginea), თეთრშუბლა იხვი (Anas penelope), გარეული იხვი (Anas platyrtynchos), წითელნისკარტა ყურყუმელა (Netta rufinae), ქოჩორა ყურყუმელა (Nyroca fuligata) და სხვა.
შინაური იხვი (Anas domestica) წარმოშობილია გარეული იხვისაგან,რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1000-ზე ადრე მოიშინაურეს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-7 თვისა. კვერცხების ყოველ ციკლში (5-6 თვე) დებს 90-130 კვერცხს, თითოეული 85-90 გრამს იწონის. კვერცხის საინკუბაციო ვადაა 27-28 დღე. მოზრდილი მამალი იხვი იწონის 3-5 კგ, დედალი - 2-3,5 კგ. პროდუქტიულობის მიხედვით იხვების ჯიშები იყოფა: სახორცე (პეკინური, უკრაინული რუხი, შავი თეთრგულა და სხვა), სახორცე-მეკვერცხული ან მეკვერცხულ-სახორცე (ხაკი-კემპბელი, ფრთასარკა და სხვა) და მერვერცხული (ინდური მარბოლარები). სახორცედ კლავენ - 50-55 დღის იხვებს, როცა თითოეული 2,5 კგ და მეტს იწონის.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, საქართველოში იხვები შემოიყვანეს და მოამრავლეს XVII საუკუნეში. აქ მისი სახორცედ გამოზრდა ყველა კლიმატურ ზონაში შეიძლებოდა.
|