მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » აბანოთუბანში არქეოლოგიური სამუშაოები უნიკალური აღმოჩენით დასრულდა
1:09 AM აბანოთუბანში არქეოლოგიური სამუშაოები უნიკალური აღმოჩენით დასრულდა |
აბანოთუბანში, 40 წმინდა სებასტიელი მოწამის სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები უნიკალური აღმოჩენით დასრულდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა მერაბ ძნელაძემ განუცხადა, აღმოჩენილი მასალები ადასტურებს, რომ საქართველოს დედაქალაქის თბილისში გადმოტანამდე აქ დასახლება უნდა ყოფილიყო.
“მონასტრის ტერიტორიაზე ვახტანგ გორგასლის დროინდელი გალავანი აღმოჩნდა, რომლის ქვეშაც კიდევ უფრო ძველი – 1-ელი საუკუნის გალავანი და კარიბჭე დაფიქსირდა. აღმოჩენა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე თბილისის დედაქალაქობის პირველი ეტაპის ამდაგვარი სახე უცნობი იყო. ეს დედაქალაქის წარსულის კვლევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. თუ აქამდე მიიჩნეოდა, რომ დედაქალაქი მე-5 საუკუნის ბოლოს, ვახტანგ გორგასლის მიერ აშენდა, ახლა დასტურდება, რომ მანამდე აქ დასახლება უნდა ყოფილიყო”, – აღნიშნა მერაბ ძნელაძემ.
მისივე განმარტებით, გარდა ამისა, არქეოლოგიური სამუშაოებისას აღნიშნულ ტერიტორიაზე აბანოს ნაშთები და ანტიკური ხანის უამრავი ნივთი აღმოჩნდა.
“აღმოჩენილ იქნა გრანდიოზული აბანო. მსგავსი საბანაო აუზები აქამდე არც ყოფილ დედაქალაქ მცხეთაში და არც სხვაგან ყოფილა მიგნებული. ეს დეტალიც ადასტურებს, რომ აქ სერიოზული დასახლება უნდა ყოფილიყო – ანუ დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანის წინაპირობა არსებობდა”, – განმარტა მან.
თბილისის 40 წმინდა სებასტიელი მოწამის სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები ეროვნული მუზეუმისა და საპატრიარქოს ერთობლივმა არქიტექტურულმა ჯგუფმა აწარმოა. სამუშაოები დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, გასული წლის ზაფხულში დაიწყო.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 739 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|