შიმპანზე
(Pan), ადამიანის მსგავსი მაიმუნების გვარი. მათი სხეულის სიგრძეა 150-165 სმ, მასა 45-80 კგ. წინა კიდურები უკანაზე უფრო გრძელია. შედარებით მოკლე ცერი დანარჩენ თითებს უპირისპირდება. აქვს დიდი ყურები, პატარა ცხვირი, დანაოჭებული სახე, შავი და უხეში ბეწვი. გვარში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი შიმპანზე (Pan troglodytes) და ჯუჯა შიმპანზე ანუ ბონობო (Pan paniscus). შიმპანზე გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში. ბინადრობს ტროპიკული წვიმის და მთის ტყეებში ზღვისდონიდან 3000 მ-მდე. ეწევა ნახევრად მეხეულ ცხოვრებას. მიწაზე დადის ოთხ ფეხზე, ეყრდნობა მთელ ტერფს, ზოგჯერ მოძრაობს ორ ფეხზეც. ხეებზე გადაადგილდება მოსაჭიდებელი მტევნების მეშვეობით. ბუნაგს ხეზე იკეთებს. ქმნის ხროს, რომელშივ 5-25 (ზოგჯერ 40-45) ინდივიდია. იკვებება ნაირგვარი საკვებით. მაკეობა 225 დღე-ღამეს გრძელდება. შობს 1 ნაშიერს. დედალი შიმპანზე სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-10, ხოლო მამალი 7-8 წლისა. ცოცხლობენ 50-60 წელს. გამოირჩევა განვითარებული საზრიანი ინსტიქტებით. ურთიერთთან მიმართებისას გამოსცემს 30-მდე სხვადასხვა ბგერას, ახასიათებს მრავალფეროვანი მიმიკა და ჟესტიკულაცია. იგი უფრო ახლოს დგას ადამიანთან, ვიდრე სხვა ადამიანის მსგავსი მაიმუნები. შიმპანზეს რაოდენობა მცირეა, ჯუჯა შიმპანზე შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში.
|