ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან ოთხწლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. მოქმედი ჩემპიონია ესპანეთი.
ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდები სამ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში, მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.
დღემდე ჩატარებულ 19 ჩემპიონატში რვა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ამჟამად ლიდერობს ბრაზილია, რომელიც ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულია, მას მოჰყვება იტალია ოთხი გამარჯვებით, შემდეგ გერმანია სამი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ და არგენტინამ, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაახლოებით 715,1 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს ტელევიზიით.
|