კვირა, 2025-06-15, 6:20 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 24 » პრობლემები ვირტუალური და რეალური სამყაროდან
8:09 PM
პრობლემები ვირტუალური და რეალური სამყაროდან


საპატრიარქოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო კანდელაკმა "24 საათთან” საუბარში აღნიშნა, რომ ვირტუალურს ურთიერთობებს ხშირად სავალალო შედეგი მოჰყვება.

როდესაც ინტერნეტით გაცნობილი ახალგაზრდები რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, ილუზიები ქრება და არცთუ იშვიათად, იწყება ფიქრი თვითმკვლელობაზე. ხსენებულ ცენტს უკვე ორმა "დაზარალებულმა” მიმართა. ისინი ვირტუალურმა მეგობრებმა იმდენად გააწბილეს, რომ თვითმკვლელობა სცადეს.

განურჩევლად ასაკისა

და სოციალური წარმომავლობისა

თბილისში არსებულ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს ყველა კატეგორიის ადამიანები მიმართავენ – მოზარდები, მოხუცები, მდიდრები, ღარიბები, ინტელექტუალები, ისინი, ვისაც უბრალო ადამიანებს ვუწოდებთ… წლების განმალობაში ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მტკივნეულ პრობლემებს (ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ოჯახური კონფლიქტები) ბევრი ახალი სენი შეემატა. მათ შორისაა, მოზარდებში და ბავშვებში კომპიუტერზე მიჯაჭვულობა, აზარტული თამაშები, პოკერ-კლუბები. სერიოზულ გართულებებს იწვევს ბავშვთა ადრეულ ასაკში სკოლაში შეყვანა. სხვადასხა სახის პრობლემები აწუხებთ მოზარდებს გაყრილი ოჯახებიდან. მძიმე სოციალური ფონი კვლავ თავალში საცემია. ფსიქოლოგიურ დახმარებას ითხოვენ ახალგაზრდები, რომლებმაც უსახსრობის გამო სწავლას თავი დაანებეს და თვითმკვლელობაზე ფიქრი დაიწყეს… ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ სამსახურებიდან დათხოვილ ადამიანებს, რომლებმაც არამარტო მატერიალური შემოსავალი, არამედ ფუნქციაც დაკარგეს.

ფსიქოლოგიური კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრის ხელმძღვანელის, ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას შეფასებით, დღეს ყველაზე მეტად ჩვენს საზოგადოებას ღირებულებათა პრობლემა აწუხებს, ადამიანის არსებაში ერთმანეთს უპირისპირდება ყოფითი "მე” და ნამდვილი, შემოქმედებითი "მე”, რის შედგადაც ჩნდება შინაგანი კონფლიქტი.

ბავშვთა და მოზარდთა პრობლემები

საქართველოს ფსიქოლოგიური ასოციაცია 20 წელია არსებობს. ასოციაციის ბაზაზე მოქმედებს ფსიქიკური ჯანმრთელობის და კრიზისული დახმარების ცენტრი, ასევე გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი. ასოციაციის ხელმძღვანელი ნანა აღაპიშვილი აუცილებლად მიიჩნევს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ დაძლიოს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კომპლექსები: "ადამიანებს უჭირთ იმის მიღება და აღიარება, რომ მათ ან თავიანთ ახლობლებს შეიძლება ფსიქიკური დაავადება ჰქონდეთ. ეს სტიგმის გამო ხდება.”

მრავალ პრობლემათა შორის აღაპიშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და დასძინა, რომ ჩვენში ეს სფერო თითქმის იგნორირებულია, "ვინაიდან არ არსებობს გარემო, რომელიც ხელს შეუწყობდა მის განვითარებას ინსტიტუციურ დონეზე.”

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები უშუალო კავშირშია ფინანსების უქონლობასთან. ნანა აღაპიშვილის შეფასებით, ბოლო წლებში მოზარდები ვერ ახერხებენ სკოლის შემდგომი თავისუფალი დროის კოსნტრუქციულ გამოყენებას: "ოჯახებს არ გააჩნიათ საიმისო სახსრები, რომ ბავშვები დააკავონ სპორტით, ატარონ სხვადასვა წრეებზე, რაც ხელს შეუწყობ მოზარდებში დადებითი მუხტის გაღვივებას.”

ფსიქიკური ჯანმრთელობის და კრიზისული დახმარების ცენტრს ხშირად მიმართავენ მშობლები, რომელთაც შვილებთან ურთიერთობაში პრობლემები ექმნებათ. ნანა აღაპიშვილი საჭიროდ მიიჩნევს, რომ უფროსებმა (მშობლები იქნებიან თუ აღმზრდელები) უნდა შეცავლონ მიდგომები მოზარდებთან ურთიერთობაში, შეიტანონ ცვლილება აღზრდის სტილში და აუცილებლობის შემთხვევაში, დათმობებზეც წავიდნენ. "მოზარდებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს ფსიქოგანათლების შეტანა საზოგადოებაში. უფროსებმა კარგად უნდა იცოდნენ ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებანი, რათა ხელი შეუწყონ მათ ამ ასაკობრივი სიძნელეების გადალახვაში”, – აღნიშნა ნანა აღაპიშვილმა.

კომპიუტერზე მიჯაჭვულობა ბავშვთა და მოზარდთა საერთო სენია. ფსიქოლოგ ნინო კანდელაკის განმარტებით, თუკი მოზარდმა შეძლო და თავი დააღწია აზარტულ თამაშებს, იგი სერიოზულ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას საჭიროებს. მსგავსი პრობლემით ხშირად მიმართავენ საპატრიარქოს წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს, რომელიც ათი წელიწადია არსებობს. ცენტრის ხელმძღვანელი ნინო კანდელაკი ამბობს, რომ ყოველ წელიწადს იზრდება ნარკომანთა, ალკოჰოლიკთა და გაყრილ ოჯახთა რაოდენობა.

ნინო კანდელაკმა კიდევ ერთ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება: "წინააღმდეგი ვარ 5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში შეყვანისა. უამრავი კვლევა და, რაც მთავარია, პრაქტიკა ადასტურებს, რომ რომ ამ ასაკში ბავშვი არც ფიზიოლოგიურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ არის სასკოლო სიტუაციისთვის. მართალია, იგი მასალას ითვისებს, მაგრამ ეს ხდება მისი ნერვული სისტემის ხარჯზე. ასეთ ბავშვებს დაახლოებით, მესამე კლაში კრიზისი ეწყებათ. აწუხებთ გადაღლილობა, უმადობა, დაკარგული აქვთ სიცოცხლის ხალისი, ვერ ახერხებენ ყურადღების კონცენტრაციას…”

კანდელაკის თქმით, მათ ცენტრში ხშირად მიჰყავთ აუტისტური სპექტრის ბავშვები, ასევე მოზარდები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომით.

კონფლიქტი საკუთარ თავთან

ფსიქოლგიური კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრს უამრავი პრობლემით მიმართავენ. ვის ლუკმა პურის პრობლემა აწუხებს, ვის – დროის ამოვსებისა. ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა გვესაუბრა შინაგან კონფლიქტებზე: "ბოლო პერიოდში გამოიკვეთა კონფლიქტები, რომელიც ადამიანის შინანაგან სამყაროში არსებობს. თანამედროვე საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ე.წ. ღირებულებათა ფრაგმენტაცია. ადამიანი ერთ შემთხვევაში კონკრეტულ ღირებულებას პოზიტიურად განიხილავს, საჭიროების შემთხვევაში, იმავე ღირებულებას ნეგატიურს უწოდებს. ეს არის ღირებულებათა ფრაგმენტაცია.”

ნანა ჩაჩუას თქმით, ადამიანი, რომელმაც ერთსა და იმავე ღირებულებაში, საჭიროებისდა მიხედვით, ორი განსხვავებული შინაარსი ჩადო, ზნეობრივად ნადგურდება: "პაციენტები ხშირად გვეუბნებიან – ცუდად ვარ, არ ვიცი რატომ… ჩვენ მათ ვეხმარებით საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებაში… უნდა მოხდეს გამიჯვნა სურვილსა და რეალობას შორის. რეალობა უნდა მივიღოთ და მასზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. ამას აკეთებს პასუხისმგებელი "მე”.

ცენტრს ხშირად მიმათავენ ეგზისტენციალური პრობლემებით. ადამიანებს აწუხებთ შინაგანი სიცარიელის განცდა. "ფროიდის პერიოდში, როცა ფსიქოლოგია ზენიტში იყო, პრობლემას წარმოადგენდა შინაგანი ნორმების სიჭარბე. ახლა შინაგანი ნორმების სიცარიელეა პრობლემა”, – აცხადებს ნანა ჩაჩუა.

ფსიქოლოგის განმარტებით, ეგზისტენციალური სიცარიელის გამო, თანამედროვე ადამიანისთვის მოდგმის დაცვის ინსტიქტიც კი პრობლემური გახდა. ამიტომაცაა, რომ მშობლების და შვილების ურთიერთობაში დიდი გაუცხოება არსებობს: "ბავშვებთან მიმართებაში უფროსების ენა და მეტყველება კატეგორიული და მომთხოვნია. მშობელს უჭირს საკუთარი შვილის გრძნობების ამოცნობა. იგი მიმთითებლის, დამსჯელის, პასუხის მომთხოვნის როლს სჯერდება. არ არსებობს თანაგრძნობა, ემოციათა გაცვლა შვილსა და მშობელს შორის.”

ნანა ჩაჩუას თქმით, ადამიანებს მრავალი სახის შიშები აწუხებთ – შინაგანი დაუცველობისა, უმწეობისა, ახლო ურთიერთობების დამყარების შიში, შიში დესტრუქციული იმპულსებისა – რაიმე არ გააფუჭონ. ხშირად უჩნდებათ განცდა იმისა, რომ ხელოვნებას და რელიგიას მომავალი არ აქვს.

"თანამედროვე ადამიანი სხვების მიერ გაცემულ სითბოზე დამოკიდებული გახდა. ელოდება, სხვა როგორ შეფასებს მას. კრიტიკა, ესოდენ ღირებული და საპატივცემულო, პიროვნულმა შეურაცხყოფამ შეცვალა”, – განაცხადა ფსიქოლოგიური კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრის ხელმძღვანელმა და დასძინა: "იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს სხვების მიერ გაცემულ სითბოზე დამოკიდებულება, უნდა წავიკითხოთ ე.წ. ბლოგერების ნაწერები და აქვე გაკეთებული კომენტარები”.

ჩაჩუას შეფასებით, მიუხედავად ღრმა შინაგანი კრიზისისა, გამოსავალი მაინც არსებობს. ადამიანმა უნდა დაინახოს და აღიაროს, რომ "მთავარი ხელიდან დაუსხლტდა”, რომ მან თავისი მნიშვნელობა დაკარგა – მის მიერ შექმნილი ტექნიკის ტყვეობაში მოექცა, დღეს უფრო ფასეულია ტექნიკა და ფული, ვიდრე თვითონ ადამიანი.

ნანა ჩაჩუა: "ყოველ ადამინში არის ხსნა, ამას ხედვა ჰქვია. (ხედვა არის თავისუფლება). გავიხსენოთ დიდი ილია, რომელიც გვასწავლის, რომ არა მხოლოდ თვალით, არამედ "თვალითა და გულითა” უნდა ვხედავდეთ.”
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 802 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
არქივი
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz