მაყვალი
(Rubus), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მეტწილად ხვიარა ბუჩქებია. აქვთ ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე — ტურიონებზე — მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი — ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედებად შეკრებილი. ნაყოფი კრებადია და შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებიაგან. მაყვალის 200-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია. მაყვლის ღერო და ფოთლები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ნაყოფი — 4-8% შაქრებს, 0,6—1,4% მჟავებს, C ვიტამინს და კაროტინს. იყენებენ ნედლად, აკეთებენ მურაბას, ჯემს და სხვა ნაწარს. ცნობილია კულტურული მაყვლის დაახლოებით 300-მდე ჯიში.
|