კამეჩები
, მცოხნელი ძუძუმწოვრები წყვილჩლიქოსანთა რიგის ძროხისებრთა ოჯახისა. კამეჩებს აქვთ მასიური სხეული, მოკლე კისერი, დაბალი და მძლავრი ფეხები, განიერი თავი, დინგის წვეროს ზედა ტიტველი ნაწილი, 4 ძუძუ, გრძელი კუდი გრძელბალნიანი ფუნჯით ბოლოვდება. გავრცელებული არიან სამხრეთ აზიასა და სამხრეთ აფრიკაში, ჯგუფურად ცხოვრობენ. მაკეობა 12 თვემდე გრძელდება. ცნობილია კამეჩების 4 სახეობა: 1. ინდური კამეჩი (Bubalus arnee). გავრცელებულია ინდოეთში, ინდოჩინეთში, შრი-ლანკასა და კალიმანტანზე, 2. ფილიპინური კამეჩი (Bubalus mindorensis). გვხვდება კუნძულ მინდოროზე (ფილიპინის კუნძული). სრული მოსპობა ემუქრება. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ 100-მდე ეგზემპლიარი. 3. ანოა გვხვდება კუნძულ სულავესზე. 4. აფრიკული ანუ კაფრული კამეჩი (Sinserus caffer) გავრცელებულია აფრიკაში (საჰარის სამხრეთით). ცხოვრობს სავანებში. სპორტული ნადირობის ობიექტია. ბევრგან უკვე მოისპო.
ადამიანმა უძველესი დროიდან მოაშინაურა ინდური კამეჩი, რომელიც გავრცელდა სამხრეთ აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ევროპაში. მოშინაურებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასიაში. მსხვილი, ღონიერი, დიდტანიანი ცხოველია. სიმაღლე მინდაოში 130 სმ. ცოცხალი მასა ფურკამეჩისა 450 კგ, ზოგჯერ 600 კგ აღწევს, კუროკამეჩისა 700 კგ. კამეჩებს მეურნეობაში 20-30 წლამდე იყენებენ სარძეო ცხოველად, ზოგჯერ მუშადაც. ფურკამეჩის ნაყოფიერება 100%-ს აღწევს. კამეჩებს უმთავრესად აშენებენ ცხელ კლიმატურ პირობებში, მდინარეების, არხებისა და სხვა წყალსატევების მახლობლად. იკვებება უხეში მცენარეული საკვებით (ისლი, ლაქაში, ლერწამი). კამეჩების ძირითადი პროდუქციაა რძე, ხორცი, ტყავი (კავკასიური კამეჩი). კამეჩი კარგად უძლებს დაავადებებს - ჰერმოსპორიდიოზს, ჯილეხს, თურქულს, ბრუცელოზსა და სხვა.
|