მაკარი დიდის მიხედვით წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: „ადამიანის დაცემამდე მისი სხეულისთვის უცხო იყო დღევანდელი სიუხეშე და სიმძიმე… მისი გრძნობები ბევრად უფრო ფაქიზი იყო, რომელთა ქმედება ბევრად უფრო ფართო და სრულებით თავისუფალი იყო. ამგვარი სხეულით შემოსილ, ასეთი გრძნობების მქონე ადამიანს შეეძლო გრძნობისმიერ აღექვა სულიერი არსებები".
ადამისა და ევას ცოდვით დაცემის შემდეგ, როგორც ბიბლია მოგვითხრობს, უფალმა გაუკეთა მათ ტყავის სამოსელი და შემოსა (შესაქ. 3, 21). წმიდა მამების განმარტებით, კერძოდ, წმიდა იოანე დამასკელის მიხედვით, „ტყავის სამოსი" გამოხატავს ჩვენს უხეშ ხორცს, რომელიც „დაცემისას შეიცვალა: დაკარგა სიფაქიზე და სულიერება, მიიღო ამჟამინდელი სიუხეშე. როგორც წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერდა, „ვინაიდან ჩვენი სხეული გაუხეშდა, უძლურნი გავხდით, გრძნობისმიერ დონეზე ვიხილოთ სულიერი არსებები".
უნდა ითქვას, რომ ადამიანის შემოსვა „ტყავის სამოსით" ღვთის დიდი მოწყალება იყო. საქმე ისაა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ კაცს ნაკლებად შეეძლო ნათლის ანგელოზებთან ურთიერთობა, ვინაიდან ამისათვის აუცილებელია ვნებებისაგან განწმედა. ამიტომ ადამიანის ურთიერთობას სულიერ სამყაროსთან ხშირად ეშმაკების მიერ ადამიანების სულის შეშფოთებით შემოიფარგლებოდა, მათ წინაშე კი „ტყავის სამოსის" გარეშე იგი სრულიად დაუცველი იქნებოდა. ჩვენ რომ გრძნობისმიერ დონეზე გვქონოდა ურთიერთობა დემონებთან, უმოკლეს დროში ისინი საბოლოოდ გახრწნიდნენ ადამიანებს… ღვთის სიბრძნემ და მოწყალებამ კედელი აღმართა, სამოთხიდან დევნილ ადამიანსა და ზეციდან განდევნილ სულებს შორის. ეს კედელი ადამიანის სხეულის უხეში მატერიალურობაა.
ამგვარად, ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელია, რომ „უფალმა შეგნებულად, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე სარგებლისათვის მოგვაკლო უხილავ სამყაროსთან ურთიერთობის საშუალება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს ახლა საერთოდ აღარ შეუძლია აღიქვას სულიერი სამყაროს არსებობა. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ადამიანს ანგელოზებიც უხილავს და ეშმაკებიც, უბრალოდ, თავისი ცოდვითდაცემული მდგომარეობის გამო ის ბოროტ ძალებთან უფრო ადვილად ამყარებს ურთიერთობას, ვიდრე კეთილთან. და აი, სწორედ მათი ზემოქმედებისაგან დასაცავად მოგვანიჭა უფალმა „ტყავის სამოსი".
წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობდა, რომ ყოველგვარ ეშმაკისეულ გამოცხადებას ის თვისება აქვს, რომ თუ უმცირეს ყურადღებას მაინც მივაქცევთ მას, თუნდაც ამ „გამოცხადებისადმი" ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე, შესაძლოა, იგი სულზე მეტისმეტად საზიანოდ აღიბეჭდოს და ადამიანი უმძიმეს საცდურში ჩააგდოს. კოდირებული, ანუ ადამიანზე მისი მმართველი ინფორმაციის გადაცემა ასევე ყურადღების მეშვეობით მიმდინარეობს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჰიპნოზი – ესაა მეთოდი, როდესაც ადამიანი ნებაყოფლობით მიანდობს თავს ჰიპნოზისტს, საკუთარი შემცნებისა და ნების პარალიზების ნებას აძლევს მას და დაუცველი ხდება გარეშე ზემოქმედების წინაშე.
ჰიპნოზი ფართო გზას უხსნის ადამიანზე ზემოქმედების შესაძლებლობებს. ეს ზემოქმედება ხდება არა მხლოდ მის ფსიქიკაზე, არამედ ადამიანის ღრმა სულიერ სტრუქტურებზე.
სწორედ ამიტომ ეკლესიას ჰიპნოზის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ღირსი ბარსანოფი ოპტელი ამტკიცებდა: „ჰიპნოზი – ბოროტი, არაქრისტიანული ძალაა". ღირსი ნექტარიოს ოპტელი კი ამბობდა: „საშინელი რამაა ჰიპნოზი. იყო დრო, როცა ადამიანებს ეშინოდათ და გაურბოდნენ მას, ახლა კი მისით გატაცებულნი არიან. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ამგვარი ცოდნა შემოდის ჩვენს ცხოვრებაში იმ საფარით, რომ, თითქოსდა, კაცობრიობისათვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია". დეკანოზი გრიგოლ დიაჩენკო აღნიშნავდა, რომ „ძველად, შუა საუკუნეებში, წინა ასწლეულებში ჰიპნოზით მაგები და ჯადოქრები იყვნენ დაკავებულნი". ჰიპნოზის მხილებასა და მისი მეშვეობით განხორციელებულ „კურნებებს" უძღვნიდა თავის შრომებს მღვდელმონოზონი სერაფიმე როუზი. ეპისკოპოსი ბარნაბა (ბელიაევი) წერდა: „შეუძლებელია უარყოფა იმისა, რომ ჰიპნოზისტები ამ დროს ეშმაკის ძალას იყენებენ". ჰიპნოზში სულიერი სამყაროს ბნელი ძალები გამოიყენება.
მედიცინის თვალსაზრისით, ჰიპნოზი – შუალედური მდგომარეობაა ადამიანის ორ ძირითად მდგომარეობას – ძილსა და სიფხიზლეს შორის. ეს თითქოსდა მსუბუქი თვლემაა, ჩვენი ცნობიერებისა და ნების ძილღვიძილია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თავის ტვინის ქერქის პროცესების ნაწილობრივი დამუხრუჭება. ადამიანის ჰიპნოზურ ტრანსში ჩაგდების მეშვეობით, როდესაც აძინებს მის ნებასა და ცნობიერებას, ჰიპნოზიორს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მის ქვეცნობიერ სამყაროზე. ამასთან ხდება ან ინფორმაციის მიღება მისგან, ან საკუთარი ინფორმაციის შეყვანა მის ქვეცნობიერ სამყაროში. ტრანსის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ამ ინფორმაციას ადამიანზე, მისი ნების მიუხედავად, გარკვეული დროის მანძილზე ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს ზემოქმედება.
ჩნდება კითხვა: ხომ არ ვნებს ადამიანს ინფორმაცია – რომელსაც გამუდმებით „საკუთარ თავში ატარებს"? ბუნებრივია, თავად ჰიპნოზისტები ამტკიცებენ, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებადია, და რომ მას არანარი მავნე ზემოქმედების მოხდენა არ ძალუძს. ისინი ამბობენ, რომ ადამიანი ტრანსიდან გამოსვლისას სრულებით უბრუნდება თავის ნორმალურ მდგომარეობას და რომ ეს მის ნებელობას არ ვნებს. თუმცაღა, სამედიცინო და ფსიქოლოგიური გამოკვლვები ცხადყოფს, რომ ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთხელ დასწრებულა ჰიპნოზისტის სეანსს, ნებელობითი თავდაცვა შესაძლოა უკვე დაზიანებული ჰქონდეს.
როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ადამიანებს, რომლებიც ჰიპნოზისტის ხელში ჩავარდნენ, ხშირად სძლევთ რეგრესირებადი ნებელობა, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა, ზოგჯერ ვითარდება მუდმივი შთაგონების მიღების მოთხოვნილება – თავისებური ჰიპნომანია, ეცემა იმუნიტეტი, შრომისუნარიანობა. ისინი თითქოსდა ნელნელა შორდებიანცხოვრებას, კარგავენ სასიცოცხლო ენერგიას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს შთაგონებამ სასიცოცხლო ძალებში ხვრელი წარმოქმნა, საიდანაც ენერგია ნელნელა უჩინარდება, ხოლო თუ ადამიანი აგრძელებს ჰიპნოზურ სეანსებში მონაწილეობას, ეს ხვრელი ფართოვდება.
ამის შესახებ არქიმანდრიტი ტიხონი წერს: „თუ ადამიანი ნებაყოფლობით უშვებს საკუთარ თავზე ძლიერ ფსიქიკურ ზემოქმედებას ჰიპნოზისტის მხრიდან, რომელსაც აქვს შთაგონების გამოცდილება ან ოკულტური ცოდნა, მაშინ თანდათანობით ის სულიერი ზღუდე, რომელიც იცავს სულს სხვისი ნების უშუალო გავლენისაგან, ირღვევა, და ადამიანი ადვილად მისაწვდომი ხდება სხვა პიროვნების მხრიდან ფსიქიური, ნებელობითი ზემოქმედებისათვის".
ჰიპნოზის მომხრენი ხშირად საუბრობენ ორგანიზმის სარეზერვო შესაძლებლობების აღმოჩენაზე, ჰიპნოზის გასაოცარ თერაპევტულ ეფექტებზე. ამის შესახებ აკადემიკოსი ვ. ვეინიკი აღნიშნავს: „სამწუხარო ცდომილებაა! არანარირი დაფარული რეზერვები ადამიანს არ გააჩნია, არსებობს მხოლოდ ყოველივე ზებუნებრივის პირველმიზეზი: უფლისა და სატანის ბრძოლა ადამიანის სულისათვის". მრავალი ექიმიფსიქოთერაპევტი წერს იმის შესახებ, რომ ჰიპნოზის რაიმე განსაკუთრებული ეფექტები არ არსებობს. შეიმჩნევა მხოლოდ თვითშეგრძნების სიმპტომატური გაუმჯობესება, ცალკეული ნევროზული დარღვევებისა და ისტერიული სტიგმების რედუქცია.
რა თქმა უნდა, ეს არ შეედრება იმ უდიდეს ზიანს, რომელსაც ადამიანი ჰოპნოზისგან ღებულობს. მაშინაც კი, როცა ჰიპნოზის სეანსის შედეგად ადამიანი ფიზიკურად გამოჯანმრთელდება ან მომჯობინდება, მისი სულიერი ცხოვრება ამ დროს ხშირად უარესდება. როგორც ვხედავთ, მედიცინა ამტკიცებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ჰიპნოზის მავნე ზემოქმედებას, ეკლესია კი ამ მეთოდის სულიერი მავნებლობის შესახებ გვაფრთხილებს.
ზოგჯერ მიმდინარეობს შთაგონება ადამიანის სურვილის გარეშეც. ამ მეთოდით ხშირად სარგებლობენ მასობრივი ინფორმაციის თანამედროვე საშუალებები პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი პროპაგანდისას.
არაეკლესიური ადამიანი, რომელიც მხოლოდ მექანიკურად არსებობს, ადვილად ემორჩილება ბრძანებებს, გარეშე ზემოქმედებას, მასზე ამგვარი შეფარული შთაგონება ადვილად მოქმედებს. ხოლო ცხოვრებისადმი შეგნებული დამოკიდებულება, მტკიცე რწმენა, ეკლესიურობა, ღვთის შეწევნის სასოება ადამიანის სულს გარეშე შემოჭრებისაგან საიმედოდ დაიცავს.
|